ევროსტატის წინასწარი შეფასებით, ევროზონის წლიური ინფლაცია 2026 წლის აგვისტოში ივლისის 2.9%-დან 3.3%-მდე გაიზარდა

მაჩვენებელმა 2023 წლის სექტემბრიდან ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და ევროპის ცენტრალური ბანკის 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც ძირითადად ენერგორესურსების ფასების მკვეთრმა ზრდამ - 14,3%-მდე - განაპირობა.

ამ მონაცემებმა გააძლიერა ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის ამ თვეში გაზრდის მოლოდინები. ბაზრების შეფასებით, ზრდა 2.5%-მდე ანუ 25 საბაზისო პუნქტით მოხდება.

ევროზონის უდიდეს ეკონომიკებს შორის ინფლაცია გერმანიაში 2.8%-დან 2.9%-მდე, საფრანგეთში 2.4%-დან 2.7%-მდე, ესპანეთში 3.9%-დან 4.5%-მდე და იტალიაში 2.9%-დან 3.2%-მდე დაჩქარდა.

წლიური ინფლაცია ევროზონის ქვეყნებში

ლიეტუვა - 5.8%
კვიპროსი - 5.2%
ბულგარეთი - 5.1%
ესპანეთი - 4.5%
ბელგია - 4.2%
ლუქსემბურგი - 4.0%
საბერძნეთი - 3.7%
ხორვატია - 3.7%
პორტუგალია - 3.6%
ირლანდია - 3.4%
სლოვენია - 3.4%
იტალია - 3.2%
სლოვაკეთი - 3.1%
ავსტრია - 2.9%
გერმანია - 2.9%
ლატვია - 2.9%
ნიდერლანდები - 2.8%
საფრანგეთი - 2.7%
ფინეთი - 2.4%
მალტა - 1.9%
ესტონეთი - 1.3%

ცნობისთვის, საქართველოში, აგვისტოში ინფლაციის და შესაბამისად, 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის სექტემბრამდე ინფლაციის შესახებ ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანია 70 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსიის ინდექსაციისთვის, 3 სექტემბერს გამოქვეყნდება. აგვისტოს დასაწყისში არსებული მონაცემებით წლიური ინფლაცია 5,5% იყო. ამ დონის შენარჩუნების შემთხვევაში პენსია 25 ლარით მოიმატებს და 395 ლარი გახდება. 70 წელს ზემოთ ასაკის პირთა პენსია ინფლაციის დონესთან ერთად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზეა დამოკიდებული. აგვისტოს თვის დასაწყისში არსებული მონაცემებით, კი მოსალოდნელია, რომ 70 წლის ზემოთ პირთა პენსია 60 ლარით მოიმატებს და 555 ლარი გახდება.