2027 წლიდან 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიები უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ეს 2026 წელს მოხდა.

ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემები იძლევა.

სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის თანახმად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა (ინდექსაცია) ხდება ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის კი ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 31 ივლისს და დღეს, 3 აგვისტოს, გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო ექვსი კვარტალის (2025 წლის 4 კვარტალი და 2026 წლის პირველი 2 კვარტალი) მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალოს 80% 6,2%-ია, ხოლო ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის მომენტისთვის 12 თვის (სექტემბერი 2025 წელი - აგვისტო 2026 წელი) საშუალო ინფლაცია, დიდი ვარაუდით, იქნება მინიმუმ 5,0 %.






შენიშვნა: 2025 წლის მეოთხე კვარტალის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მომდევნო პერიოდში დაზუსტდა და 6,7% გახდა.




მაშასადამე, პენსიის მოცულობის მოსალოდნელი ზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის არის 20 ლარი (ძნელად წარმოსადგენია, რომ აგვისტოში წლიური ინფლაციის 10%-ს გადააჭარბებს და 12 თვის საშუალო 5,5% გახდება, ამიტომ მათი პენსია კანონით გათვალისწინებული ზრდის მინიმალური ოდენობით ანუ 20 ლარით გაიზრდება), 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებისთვის კი 60 ლარი.

აქედან გამომდინარე, 2027 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია 390 ლარი გახდება, 70 წელს ზემოთ ასაკის პირთა პენსია კი 555 ლარი.

ცხადია, ხელისუფლებას, შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში, შეუძლია პენსიები უფრო მეტადაც გაზარდოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 900 ათასამდე პენსიონერია, თითოეული მაღგანის პენსიის 5 ლარით გაზრდისთვის წლის განმავლობაში დამატებით 50 მილიონ ლარამდე თანხაა საჭირო, 10 ლარით გაზრდისთვის - 100 მილიონ ლარამდე და ა.შ. 

ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოში პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტი (ნომინალური პენსიის ფარდობა საშუალო ხელფასთან) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, ხოლო ევროპის ქვეყნებში არსებულს ძლიერ ჩამორჩება და ამჟამად კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე საპენსიო კანონის მიღების დროს იყო. 2020 წელს ჩანაცვლების კოეფიციენტი 17,9% იყო (220 ლარი პენსია და 1227 ლარი საშუალო ხელფასი), 2027 წელს კი ჩანაცვლების კოეფიციენტი (70 წლამდე ასაკის პირთათვის ანუ პენსიონერთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის) გახდება 15%-ზე ოდნავ მეტი იქნება (390 ლარი პენსია და დაახლოებით 2500-2600 საშუალო ხელფასი).