ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრესა ავრცელებს. 

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი შეშფოთებულია პარასკევს საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების მიმართ „ძალის გადამეტებული გამოყენებით“ და მოუწოდებს საფრანგეთს პატივი სცეს დემონსტრაციის უფლებას.

„იყო ძალადობრივი ინციდენტები, რომელთაგან ზოგიერთი მიმართული იყო სამართალდამცველების წინააღმდეგ“,  მაგრამ ზოგიერთი მომიტინგის მხრიდან ძალადობა ან სხვაგვარი ბოროტმოქმედება „ვერ გაამართლებს"  სახელმწიფო სამსახურში მყოფ პირთა მხრიდან „ძალის გადამეტებულ გამოყენებას" და „არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს ჩამოართვან შეკრების თავისუფლების უფლება.“

 
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ამ თავისუფლების ეფექტური გამოყენება და და დაიცვას მშვიდობიანი დემონსტრანტები და ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებენ ამ დემონსტრაციებს, ერთი მხრივ პოლიციის ძალადობისგან, მეორე მხრივ კი დემონსტრანტთა შორის მყოფი მოძალადეებისგან.

ფრანგული პორტალი 20minutes წერს, რომ ბოლო დღეებში ადვოკატთა, მოსამართლეთა და მემარცხენე პოლიტიკოსთა გაერთიანებებმა დაგმეს პოლიციის ძალადობა საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების დროს, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) შინაგან საქმეთა მინისტრს ჟერალდ დარმანინს მოუწოდა „დაასრულოს პოლიციის ძალადობა ჟურნალისტებზე“. დუნია მიატოვიჩმა ასევე გამოხატა შეშფოთება ზოგიერთი დემონსტრანტის და დემონსტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების დაკავების და დაპატიმრების გამო და ეჭვქვეშ დააყენა ძალაუფლების მქონე პირთა მიერ „მიღებული ზომების აუცილებლობა და პროპორციულობა.“