ევროკომისიამ 4 ნოემბერს, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნებისთვის გაფართოების შესახებ ყოველწლიური განახლებული პაკეტი და დოკუმენტები წარადგინა.
ევროკომისიის განცხადებიდან გამომდინარეობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ტემპი, უპირველეს ყოვლისა, განისაზღვრება დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის განმტკიცების სფეროში რეფორმების ტემპით, ასევე ეკონომიკური დაახლოებითა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში კონკრეტული გადაწყვეტილებებით.
ბრიუსელის თვალსაზრისით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში განსაკუთრებულ წარმატებას ოთხმა ქვეყანამ მიაღწია: მონტენეგრომ, ალბანეთმა, მოლდოვამ და უკრაინამ.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირმა მოამზადა საგზაო რუკები 2027 წლისთვის სავარაუდო სამოქმედო გეგმით.
ეს დოკუმენტები საფუძვლად უნდა დაედოს მონტენეგროს, ალბანეთის, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ მოლაპარაკებებს. კერძოდ, საუბარია თანამშრომლობის გაფართოებაზე ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ციფრული ტექნოლოგიებისა და თავდაცვის საკითხებში.
მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის მიუხედავად, გასულ წელს უკრაინამ შეასრულა ყველა პირობა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის. ევროკომისიის შეფასებით, კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუციური სისტემა ეფექტიანობას აჩვენებს, ხოლო სპეციალიზებული ანტიკორუფციული ორგანოები დამოუკიდებლად მუშაობას განაგრძობენ.
ბრიუსელი კიევს სთავაზობს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს რეფორმებს, რომლებიც მიმართულია კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ, ასევე განახორციელოს ევროკავშირის რეკომენდაციები, რომლებიც დემოკრატიულ ინსტიტუტებს, საჯარო მმართველობის რეფორმასა და ქვეყნის ეროვნულ უმცირესობებს ეხება.
თავის განცხადებაში ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ უკრაინამ უნდა დააჩქაროს რეფორმების ტემპი, რათა მიაღწიოს ამბიციურ მიზანს — ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას 2028 წლის ბოლომდე.
უკრაინის მსგავსად, გასულ წელს მოლდოვამაც შეასრულა ბრიუსელის ყველა პირობა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის.
ბრიუსელს მიაჩნია, რომ ქვეყანამ შეძლო გაეაქტიურებინა თავისი კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი და მიაღწია პროგრესს კანონის უზენაესობის განმტკიცებაში. ევროკომისია იმედოვნებს, რომ მოლდოვა შეძლებს, შეინარჩუნოს რეფორმების განხორციელების ამჟამინდელი ტემპი ამბიციური, თუმცა მიღწევადი მიზნისთვის, რაც 2028 წლის დასაწყისისთვის ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასრულებას გულისხმობს.
ამავდროულად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია, მიაჩნიათ ევროკომისიაში. კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ძალაში მხოლოდ ფორმალურად რჩება. ბრიუსელის მოსაზრებით, ქვეყნის ხელისუფლება აგრძელებს დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ძირის გამოთხრას და სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შეზღუდვას.
თუ საქართველო არ შეცვლის თავის პოლიტიკურ კურსს და არ დაადასტურებს ერთგულებას "იმ ძირითადი პრინციპებისადმი, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის საფუძველს წარმოადგენს", აფრთხილებს ევროკომისია, მაშინ სახელმწიფო დაკარგავს იმ უპირატესობებს, რომლებსაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ანიჭებს.
მიუხედავად ამისა, ევროკომისიამ ცალკე გაუსვა ხაზი, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას.




