გამოცემა “ევრონიუსის” ცნობით, ევროპამ უნდა დაიცვას მომხმარებლები ენერგომატარებლების მორიგი საფასო შოკისგან და, ამავდროულად, შეამციროს წიაღისეული საწვავის როლი ეკონომიკაში. საგანგებო ზომებს შეუძლია შეამსუბუქოს უშუალო დარტყმა, თუმცა ბრიუსელი აფრთხილებს მთავრობებს, არ დაუშვან, რომ მოკლევადიანმა სუბსიდიებმა ან საგადასახადო გადაწყვეტილებებმა ხელი შეუშალოს მწვანე ტრანზიტს.

ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა დენ იორგენსენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ამ ეტაპზე ენერგომომარაგების უშუალო კრიზისის წინაშე არ დგას, თუმცა აღნიშნა, რომ მაღალმა ფასებმა შესაძლოა მსგავსი გავლენა იქონიოს იმ ოჯახებზე, რომლებსაც არ შეუძლიათ გათბობის ან სამუშაოზე გადაადგილების ხარჯების დაფარვა.

დანიელმა ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ნორმალური ზამთრის პირობებშიც კი 50 მილიონამდე ევროპელი ვერ ახერხებდა საცხოვრებლის სათანადოდ გათბობას, რაც მორიგი საფასო შოკის შემთხვევაში სოციალურ რისკებს ხაზს უსვამს.

„ჩვენ განვიხილავთ ყველა იდეას, თუ როგორ გავხადოთ წესები უფრო მოქნილი, ვიყოთ უფრო ეფექტურები ჩვენს განხორციელებაში და გავაკეთოთ ყველაფერი, როგორც მიწოდების, ისე მოთხოვნის მხარეს“, - განუცხადა იორგენსენმა ჟურნალისტებს სამშაბათს, დუბლინში გამართული ენერგეტიკის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის კულუარებში.

იორგენსენი მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოთხოვნას საწვავის ზოგიერთი წესის დროებით შემსუბუქების შესახებ, რათა გადამამუშავებელმა ქარხნებმა მეტი დიზელისა და სხვა პროდუქტის წარმოება შეძლონ შიდა მიწოდების გასაზრდელად.