„ევრონიუსის“ ცნობით, გერმანიის წინააღმდეგობის შემდეგ ევროკავშირმა კანადასთან სამიტის დეკლარაციის პროექტიდან „ასოცირებული წევრობის“ შესახებ ჩანაწერი ამოიღო და ის „სულ უფრო მჭიდრო ასოცირების“ ფორმულირებით ჩაანაცვლა.

დოკუმენტის მიღება ხუთშაბათსა და პარასკევს მონრეალში დაგეგმილი ევროკავშირისა და კანადის სამიტის დასრულებისას იგეგმება.

გერმანიის დაჟინებული მოთხოვნით, ქვეყნებისთვის გავრცელებულ შესწორებულ ტექსტში „ასოცირებული წევრობა“ ჩანაცვლებულია ევროკავშირსა და კანადას შორის „სულ უფრო მჭიდრო ასოცირების“ ვალდებულებით, რაც სრულფასოვან წევრობას არ გულისხმობს.

მედიის ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას აპარატი ბოლო საათების განმავლობაში ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანასთან, განსაკუთრებით გერმანიასთან, რომელიც პოლიტიკურ დეკლარაციაში აღნიშნული ტერმინის გამოყენებას ეწინააღმდეგებოდა.

ცნობისთვის, კანადისთვის ევროკავშირის ასოცირებული წევრობის შეთავაზების ინიციატივა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ თვეში, ევროპარლამენტში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენებისას წამოაყენა. ევროკომისიის პრეზიდენტმა კანადას შესთავაზა, გამხდარიყო ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი.

ამასთან, გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი მანამდე მსგავსი სტატუსის უკრაინისთვის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა. მისი წინადადება მიზნად ისახავდა კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას, ვიდრე ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება.