ევროკავშირი "დიდი შვიდეულისა" (G7) და NATO-ს პარტნიორებზე ზეწოლას აძლიერებს, რათა 2027 წელს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა გაიზარდოს. ევროკომისიის შიდა შეფასებებით, ევროკავშირის არაწევრმა ქვეყნებმა კიევს მომავალი წლისთვის ჯერჯერობით მხოლოდ 4 მილიარდი ევროს დახმარება აღუთქვეს, რაც თითქმის ხუთჯერ ნაკლებია მიმდინარე წლის მაჩვენებელზე (19 მილიარდი ევრო), - წერს Financial Times.

ბრიუსელის მონაცემებით, G7-ში შემავალი აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა და იაპონია ჯამში, მზად არიან, უკრაინას მხოლოდ 1 მილიარდ ევრომდე გამოუყონ. ამასთან, უკრაინის ხელისუფლება 2027 წლის დაფინანსების დეფიციტს 70 მილიარდ ევროდ აფასებს, რაც როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო ხარჯებს მოიცავს. ევროკომისია ამ შეფასებას ეთანხმება, - აღნიშნავს FT.

იმ შემთხვევისთვის, თუ მოკავშირეები მხარდაჭერას არ გაზრდიან, ევროკავშირმა უკრაინის სახელმწიფოს ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად საგანგებო ზომებზე დაიწყო მუშაობა. ოქტომბრის შუა რიცხვებში გამართულ ევროკავშირის სამიტზე, ევროპელი ლიდერები კიევის საჭიროებების დასაფარად დამატებითი ფინანსური წყაროების მოძიებაზე შეთანხმდნენ. FT-ის ცნობით, განსახილველ ვარიანტებს შორისაა ერთობლივი სავალო ვალდებულებების ახალი გამოშვება. კონკრეტული წინადადებების განხილვა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე, ნოემბრის ბოლოს იგეგმება.

პარალელურად, ბრიუსელი დიპლომატიურ კონსულტაციებს მართავს ლონდონთან, ოტავასა და ტოკიოსთან და მათ ხარჯების უფრო დიდი ნაწილის საკუთარ თავზე აღებისკენ მოუწოდებს. ევროკომისიაში ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირის ქვეყნები 2027 წლისთვის უკრაინისთვის აღთქმული დახმარების დაახლოებით 80 პროცენტს ისედაც უზრუნველყოფენ და მზად არ არიან, სხვა პარტნიორების შენატანების შემცირება დამოუკიდებლად დააკომპენსირონ.

გარდა ამისა, ევროკომისიის შეფასებით, NATO-ს წევრ სახელმწიფოებს ჯერ კიდევ არ შეუსრულებიათ მიმდინარე წელს აღებული ვალდებულება კიევისთვის 70 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ: ამ თანხამდე კიდევ დაახლოებით 13 მილიარდი ევრო აკლია.