ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
დღეს, ევროკომისიამ სომხეთს 34 მილიონი ევრო გამოუყო, რათა შეამციროს რუსეთის სავაჭრო შეზღუდვების გავლენა ქვეყნის კერძო სექტორზე. პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის პრემიერ-მინისტრ პაშინიანთან სატელეფონო საუბრიდან სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ, ევროკავშირი სომხეთისა და მისი ხალხის მხარდაჭერის ვალდებულებას ასრულებს.
ეს ფინანსური დახმარება პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის მიერ გამოცხადებული უფრო ფართო პაკეტის პირველი ტრანშია, რომელიც ასევე მოიცავს ვაჭრობის ხელშეწყობისა და სოლიდარობის ზომებს სომხეთის ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად.
გასულ თვეში ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე აღებული ვალდებულებების საფუძველზე, ევროკავშირი და სომხეთი გააგრძელებენ ერთად მუშაობას ბიზნეს კავშირების გასაძლიერებლად და სომეხი მწარმოებლებისთვის ბაზარზე წვდომის გაფართოების მიზნით. სავაჭრო ინიციატივების, ბიზნეს შეთანხმებების აქტივობებისა და ბაზარზე წვდომის მიზნობრივი ინიციატივების მეშვეობით დამატებითი მხარდაჭერა გაეწევა სავაჭრო შეზღუდვებით დაზარალებულ სექტორებს, მათ შორის აგროსასურსათო, ყვავილების მოყვანის და სხვა ექსპორტზე ორიენტირებულ ინდუსტრიებს. ევროკავშირ-სომხეთის ეკონომიკური მდგრადობის სამუშაო ჯგუფი აგრძელებს რეგულარულ შეხვედრებს ამ ზომების განხორციელების ხელმძღვანელობისა და მონიტორინგის მიზნით.
გაფართოების კომისარმა მარტა კოსმა განაცხადა: „ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სომხეთს - სუვერენულ, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ ქვეყანას. დღევანდელი მხარდაჭერა ხელს შეუწყობს მწვავე ეკონომიკური გამოწვევების მოგვარებას და სომხურ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის რეგიონულ და ევროპულ ბაზრებთან ვაჭრობისთვის. ეს არის ევროპული სოლიდარობა მოქმედებაში“.
5 ივლისს, კომისარი კოსი სომხეთში გაემგზავრება, რათა ხელი შეუწყოს დახმარების პაკეტის განხორციელებას და განიხილოს ევროკავშირსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომი ნაბიჯები.




