ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროპული მშვიდობის ფონდის სახსრებიდან მოლდოვის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად 60 მილიონი ევრო გამოიყოფა.
გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, 20 მილიონი ევრო მოხმარდება მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოდერნიზაციას, ხოლო 40 მილიონი ევრო მოლდოვის ქვეითი ჯარების მობილობის მხარდასაჭერად და საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებული კონტროლის გასაძლიერებლად.
აღსანიშნავია, რომ 40 მილიონი ევროს გამოყოფა ჯერ კიდევ 7 აპრილს დამტკიცდა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ეს დახმარება მიზნად ისახავს მოლდოვის არმიის მოდერნიზებას და მისი თავდაცვისუნარიანობის გაზრდას, მისი ნეიტრალიტეტის სრული პატივისცემით.
კალასის განცხადებით, 2021 წლიდან მოლდოვისთვის გაწეული დახმარება 200 მილიონ ევროს აღწევს.