ევროკავშირის პოზიციაა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის სრული უფლება, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა.

"ვგმობთ ისრაელზე „ჰამასის" ტერორისტულ შეტევას და სამოქალაქო პირებზე თავდასხმებს და მოვითხოვთ მძევლების გათავისუფლებას, მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემას, რაც ნიშნავს, რომ ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობას არ უნდა შეუწყვიტონ წყლის, ელექტროენერგიის და სურსათის მიწოდება. ღაზას სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარული დერეფნებით ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს", – განაცხადა ბორელმა.

მისი ინფორმაციით, "ევროკავშირის სახელმწიფოთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რადგან დახმარების შეწყვეტა იქნება დიდი შეცდომა და საჩუქარი ამ ადმინისტრაციასთან დაპირისპირებული „ჰამასისთვის".

როგორც ბორელმა აღნიშნა, "ყველა პალესტინელი არ არის ტერორისტი და ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის გამო კოლექტიური დასჯა უსამართლო და კონტრპროდუქტიული იქნება".