ერაყის პრემიერ-მინისტრმა შია ალ-სუდანიმ, ქვეყნიდან შვედეთის ელჩის გაძევებისა და შვედეთიდან ერაყის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის გამოწვევის ბრძანება გასცა.

დიპლომატიური კონფლიქტი მას მერე დაიწყო, რაც სტოკჰოლმში ყურანის დაწვის გეგმით აღშფოთებულმა დემონსტრანტებმა, ბაღდადში შვედეთის საელჩოზე იერიში მიიტანეს - ისინი საელჩოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ და მცირე არეალზე ცეცხლი დაანთეს.

დემონსტრანტების დასაშლელად, ერაყის სპეცდანიშნულების რაზმებმა, წყლის ჭავლი და ელექტროშოკი გამოიყენეს.

ერაყის მთავრობამ შვედეთის საელჩოზე თავდასხმა დაგმო და დაკავებულების მართლმსაჯულებისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ამავე დროს, ერაყის მთავრობამ შვედეთის მთავრობას აცნობა, რომ შვედეთის ტერიტორიაზე ყურანის დაწვის ინციდენტის განმეორების შემთხვევაში, ისე, როგორც ეს მანამდე, 28 ივნისს მოხდა, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდება.