შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის  მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციაში შესულია სამი ახალი განაცხადი რელიგიური სიწმინდეების დაწვაზე. 

სტოკჰოლმის პოლიციაში შესული ორი განაცხადიდან ერთ-ერთში აღნიშნულია, რომ სურთ დაწვან ყურანი „რაც შეიძლება მალე" მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, „სტოკჰოლმში, მეჩეთის მახლობლად". ზუსტი დრო და ადგილი არ არის მითითებული. განაცხადის ხელმომწერი, 50 წელს გადაცილებული ქალი შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ გადაწყვეტილება გასული კვირის კამპანიის შემდეგ მიიღო და განაცხადის უკან მხოლოდ ის დგას.  

„მსოფლიოში აგორებული პროტესტი არ არის სამართლიანი შვედეთის მიმართ,” - აცხადებს იგი.

სტოკჰოლმის პოლიციაში შეტანილი მეორე განაცხადის ავტორი 30 წლის მამაკაცია. იგი ამბობს, რომ სურს დაწვას თორა და ბიბლია 15 ივლის , სტოკჰოლმში, ისრაელის საელჩოს წინ. 

მისი თქმით, ეს გასულ კვირას ყურანის დაწვაზე „სიტყვის თავისუფლების სახელით სიმბოლურ შეკრებაზე" გაცემული პასუხია.

ჰელსინგბორგის პოლიციაში შესული განაცხადში ფიზიკური პირი წერს, რომ 12 ივლისს, ქალაქის ცენტრში, სურს დაწვას რელიგიური ტექსტები.  

სტოკჰოლმის პოლიცია ადასტურებს განაცხადების მიღებას და ამბობს, რომ განაცხადები ცალ-ცალკე შემოწმდება და დადგინდება, რამდენად შეესაბამებიან ისინი არსებულ წესებს და რეგულაციებს.

უცნობია, რომელი რელიგიური ტესტების დაწვაზეა საუბარი ჰელსინგბორგის პოლიციაში შესულ განაცხადში.

„ჩვენ ვთვლით, რომ ეს შეიძლება არ იყოს მიმართული რომელიმე კონკრეტული რელიგიის წინააღმდეგ" და იყოს სიტყვის თავისუფლების შესახებ ამჯერად მიმდინარე დებატების ნაწილი, - ამბობს სამხრეთის რეგიონის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელი მატიას ზიგფრიდსონი.

შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი თვლის, რომ „არაგონივრულია იმ სიტუაციის სერიოზულობის შეუფასებლობა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ ასე გაგრძელდება".

ისრაელის ელჩი შვედეთში ზივ ნევო კულმანი ტვიტერზე წერს, რომ შოკის მომგვრელი და შემაძრწუნებელია ახალი აქტები „იქნება ეს ყურანი, თორა თუ სხვა წმინდა წიგნი".

„ეს აშკარად არის სიძულვილის აქტი, რომელიც უნდა შეჩერდეს“, - წერს ელჩი.