28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ჰეპატიტების პრევენციასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები და მიღწევები შეჯამდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მოწვეულ სტუმრებს, სიტყვით, ჯანდაცვის მინისტრმა მიმართა. მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებული ყურადღება, საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევებსა და B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, პროგრამის წარმატებით ფუნქციონირებაში, თენგიზ ცერცვაძის ღვაწლი შეუფასებელია და მისი როლი გადამწყვეტი იყო როგორც პროგრამის დაგეგმვის, ისე - მისი ეფექტიანი განხორციელების პროცესში.

შეხვედრაზე, ელიმინაციის სტრატეგიის მნიშვნელოვან ასპექტებზე, გადაცემის პრევენციაზე, ინფიცირებული პირების გამოვლენაზე, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესებასა და ცნობიერების ამაღლებაზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან, ქვეყანაში, მოქმედებს B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაც, რომლის ფარგლებში, სახელმწიფო, სრულად ფარავს სკრინინგულ და დიაგნოსტიკურ კვლევებს, ასევე, პაციენტებს, უსასყიდლოდ, გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები.

C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს ამოქმედდა და დღემდე, პროგრამაში, 91 300-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო, მკურნალობა დაასრულა 87 000-მა მოქალაქემ, განკურნების მაჩვენებელია 98.5%. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სერვისები, როგორც დიაგნოსტიკა, ისე - სამკურნალო მედიკამენტი, ფინანსდება სრულად სახელმწიფოს მიერ და არ ითვალისწინებს თანაგადახდას, პაციენტის მხრიდან.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, „თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო - პრაქტიკული ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი მარინე ეზუგბაია. ასევე - მედიკოსები, პაციენტები და სხვა მოწვეული სტუმრები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.