ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდადში ამერიკელი ჟურნალისტი ქალი გაიტაცეს. ამის შესახებ „სქაინიუსი“ წერს.
როგორც მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, მისი სახელია შელი კიტლსონი – ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც რეგიონში მუშაობს.
წყაროების ცნობით, გატაცებაში მონაწილეობდა ორი ავტომობილი, რომელთაგან ერთ-ერთი ავარიაში მოყვა, ხოლო მეორე, რომელშიც ჟურნალისტი იმყოფებოდა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია და მიმდინარეობს ოპერაცია გამტაცებლების დასაკავებლად. როგორც მედია წერს, ამ ეტაპზე უცნობია, უკავშირდება თუ არა გატაცება ირანთან მიმდინარე ომს.










