პარლამენტმა 70 ხმით, პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილ პირებს, აგრეთვე მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით კომპენსაციის მიმღებ ოჯახის წევრებს, კომპენსაცია გადაუანგარიშდებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საერთო წესის შესაბამისად.

მომხსენებლის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ირინე წაქაძის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.

შენარჩუნებული უფლების ფარგლებში. ამ ადამიანებს 2024 წლის ცვლილებების საფუძველზე ლეგიტიმური მოლოდინი ჰქონდათ, რომ მათ მიმართაც მოხდებოდა კომპენსაციის გადაანგარიშება, მაგრამ ეს არ მოხდა, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენდნენ ახალი კანონის ძირითად სუბიექტებს. აქედან გამომდინარე, ისინი ერთგვარად არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სხვა მსგავსი კატეგორიების ადამიანებთან მიმართებაში. ამიტომაც, უფრო სამართლიანი მიდგომა იქნება, თუ ერთჯერადად მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ ადამიანებისთვის სახელმწიფო კომპენსაციების გადაანგარიშების თაობაზე და მათაც ექნებათ გაზრდილი კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა. იგივე მიდგომა უნდა გავრცელდეს ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებზე, რომლებიც სახელმწიფო კომპენსაციას იღებდნენ მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ცვლილება შეეხება 69 ადამიანს და ამ ცვლილებების აღსრულებისთვის საჭიროა თვეში დამატებით დაახლოებით 20 000 ლარი, რაც თავისუფლად ანაზღაურდება შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონით სახელმწიფო კომპენსაციებისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.