გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, გაერო-ში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, კრისტინა გაიოვიშინმა განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, კონსტრუქციულად იმუშაოს სამშვიდობო გეგმაზე, რომლის პროექტიც ამერიკული მხარისგან მიიღო.

გაიოვიშინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მიწა არ იყიდება და უკრაინისთვის არსებობს მკაფიო და ურყევი წითელი ხაზები სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით.

გამოსვლისას გაიოვიშინმა აღნიშნა, რომ წლის დასაწყისიდან უკრაინა მხარს უჭერს ომის დასრულებისკენ მიმართულ წინადადებებს და ღია რჩება თანამშრომლობისთვის შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და მსოფლიოს პარტნიორებთან.

„პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მზადაა ომის დასასრულებლად კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის, მათ შორის ლიდერების დონეზე, ჩვენი წითელი ხაზები ნათელი და უცვლელია. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ არც ოფიციალურად და არც სხვაგვარად უკრაინის ტერიტორიას, რომელიც დროებით ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, როგორც რუსულს. ჩვენი მიწა არ იყიდება. უკრაინა არ დათანხმდება თავდაცვის უფლების ან ჩვენი შეიარაღებული ძალების ზომისა და შესაძლებლობების რაიმე შეზღუდვას. ჩვენ ასევე არ შევეგუებით ჩვენი სუვერენიტეტის რაიმე დარღვევას, მათ შორის ჩვენი სუვერენული უფლების არჩევას იმ ალიანსებში, რომლებშიც გაწევრიანება გვსურს. ნებისმიერი ნამდვილი სამშვიდობო პროცესი უნდა იცავდეს ამ ფუნდამენტურ პრინციპს: არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე, არაფერი ევროპაზე ევროპის გარეშე“, – განაცხადა მან სიტყვით გამოსვლისას.

თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი