გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ინიციატივაა, მოლდოვა და საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად გამოცხადდეს, რაც საშუალებას მისცემს გერმანიას ამ ქვეყნებში ლტოლვილები დააბრუნოს, - ამის შესახებ DW წერს.

გერმანიის ოპოზიციურმა კონსერვატიულმა ქრისტიან-დემოკრატებმა (CDU) და ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა (CSU) მოითხოვეს გერმანიის დახმარების შეწყვეტა ქვეყნებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ განმცხადებლების დაბრუნებაზე, ვისაც თავშესაფრის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდა.

გერმანიის ფინანსთა სამინისტროს გამოთვლით, ფედერალურმა მთავრობამ გასულ წელს, ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებლების მიღებაში, განსახლებასა და ინტეგრირებაში 29 მილიარდი ევრო დახარჯა, მიმდინარე წელს კი 26 მილიარდი ევროა გამოყოფილი.

ლტოლვილთა რაოდენობის მატებასთან ერთად, ფედერალურმა მთავრობამ უნდა გაზარდოს თავისი წვლილი – ეს არის 16 ფედერალური მიწის შეთანხმებული პოზიცია.

გერმანიის ფედერალურ მთავრობას სურს, შესაძლებელი გახადოს ადამიანების პატიმრობაში აყვანა დეპორტაციის მოლოდინში, მიუხედავად მათი თავშესაფრის განაცხადის სტატუსისა, რათა ზოგიერთ სარჩელს აღარ ჰქონდეს დეპორტაციის შეჩერების ეფექტი.

DW-ის მიხედვით, ასევე იგეგმება ახალი ლტოლვილების რაოდენობის შემცირება.