მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გერმანია რუსეთ-ბელარუსთან პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრის გასაძლიერებლად სამხედროებს გზავნის.

Deutsche Welle-ს ცნობით, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მითითებით, რამდენიმე ათეული გერმანელი სამხედრო 2026 წლის აპრილიდან პოლონეთის "აღმოსავლეთის ფარის" მისიას შეუართდება, რომელიც თავდაპირველად 2027 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

"აღმოსავლეთის ფარი" €2.3-მილიარდიანი პროგრამაა, რომელიც ვარშავამ შარშან პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად გამოაცხადა.

სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, გერმანელი სამხედროები ძირითადად საინჟინრო სამუშაოებზე იქნებიან კონცენტრირებული. ეს მოიცავს პოზიციების მოწყობას, სანგრების გათხრას, მავთულხლართების განლაგებასა და ტანკსაწინააღმდეგო ბარიერების მშენებლობას.