ესტონეთის სახელმწიფოს წარმომადგენლები, მათ შორის ორი დეპუტატი მაგნუს ცაჰკნას პარტიიდან, დალაი ლამასთან ვიზიტის წინ ალკოჰოლის დიდი დოზით მიღების გამო უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ესტონური პრესა ავრცელებს.

ესტონელი რიიგიკოგუს წევრების ინდოეთში ვიზიტი, ჯგუფის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა, ზოგიერთისთვის კი - უკიდურესად უხერხული. პირველებს შორის არიან  პარტია „ესტონეთი 200“-ის წევრები, რომლებიც (ძირითადად) ნასვამები იყვნენ, დანარჩენები ცდილობდნენ როგორმე შეეკავებინათ ისინი, - წერს Õhtuleht-ი.

„ეს ამბავი საკმაოდ დელიკატურია. მოგზაურობის არცერთ მონაწილეს არ სურს ამის შესახებ საკუთარი სახელით საუბარი. მათ ამ ამბავზე იმ პირობით ისაუბრეს, რომ „Õhtuleht“-ი არ დაწერდა, ვინ რა თქვა, რადგან ეს უბრალოდ უხერხული იქნებოდა. ვის ესიამოვნება იმის განხილვა, თუ როგორ მოხვდნენ მათი კოლეგები, ესტონეთის სახელმწიფოს წარმომადგენლები, საქმიანი მოგზაურობის დროს უხერხულ სიტუაციაში? მთელმა ამ ვიზიტმა იმდენად შეცვალა მრავალი პოლიტიკოსის შეხედულებები, რომ ისინიც კი, ვინც თავად არ იმყოფებოდნენ მოგზაურობაში, ახლა განიხილავენ ინდოეთში მომხდარს ტოომპეაზე (შუა საუკუნეების ტალინის ნაწილი, ამჟამინდელი ესტონეთის მთავრობის და რიიგიკოგუს ადგილსამყოფელი - „აიპრესი“). რამდენად ხშირად ხდება, რომ მასპინძელი მიდის სახელმწიფოს წარმომადგენლებთან და ეუბნება მათ, რომ ესმის ჩვენი კულტურის ალკოჰოლის სიყვარული, მაგრამ იქნებ იყოს შესაძლებელი, რომ მეორე დღეს ცოტა ნაკლები მაგარი სასმელი დალიონ?“

Õhtuleht-ის ნათქვამს იმეორებს ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

„როგორც ამბობენ, ღონისძიების ორგანიზატორებმა ესტონეთის დელეგაციას უთხრეს: „ჩვენ გვესმის, რომ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება და მოწევა თქვენი კულტურის ნაწილია, მაგრამ თქვენც უნდა გესმოდეთ, რომ დალაი ლამა ძალიან ხანდაზმულია და ვერ იტანს (ადამიანის პირიდან ამოსული - „აიპრესი“) ალკოჰოლისა და კვამლის სუნს. ხომ არ იქნება შესაძლებელი, გამოიჩინოთ თავაზიანობა და თავი შეიკავოთ ალკოჰოლის მიღებისა და მოწევისგან?“

„ესტონეთი 200“-ის წევრებმა შეტყობინების მიღება დაადასტურეს. ამ სიტყვებით ყველა სტუმარს მიმართეს და არა მხოლოდ მათ. ეს უბრალოდ პროტოკოლია, რომელიც განმარტავს თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცედურა, - ამბობს მარეკ რეინაასი.

„საერთოდ არ მრცხვენია შვებულებაში ყოფნის  დროს რამდენიმე ჭიქა ღვინის დალევის. ვახშმობისას ადგილობრივი რომიც კი გავსინჯე, რასაც, ჩემი წარმოდგენით, ბევრი სხვა ზრდასრული ადამიანი გააკეთებდა შვებულების დროს“, - დაწერა სოციალურ ქსელში პარტიის, „ესტონეთი 200“, წევრმა და შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ტაროს მრჩეველმა, კადრი ნაპრიტსონ-აკუნამ.

მისი თქმით, ის შვებულებაში იყო, მან მოგზაურობის ხარჯები თავად დაფარა და არ მიიჩნევდა თავს ესტონეთის ოფიციალურ წარმომადგენლად, თუმცა, როგორც ამას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, მის პასპორტში მითითებულია, რომ ის დელეგაციის წევრია. 

რიიგიკოგუს დეპუტატი იუკუ-კალე რაიდი (ადრე ესტონური პრესა აღნიშნავდა, რომ რაიდი იყო ფიგურანტი ინციდენტისა, რა დროსაც რიიგიკოგუს კაფედან ნასვამი ადამიანების გასაყვანად პოლიცია გამოიძახეს. რიიგიკოგუს ზოგიერთი დეპუტატი ამბობდა, რომ რაიდმა სესიის მსვლელობის დროს რიიგიკოგუს კაფეში მეგობრები მიიწვია დასალევად. თავად რაიდი ამბობდა, რომ ის მთვრალი არ ყოფილა - „აიპრესი“) არ უარყოფს ალკოჰოლის მიღების ფაქტს, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არც დალაი ლამასთან ან მთავრობის წევრებთან შეხვედრის დროს და არც მანამდე არ მომხდარა.

„ეს სრულიად გამორიცხულია. ჩვენი ამოცანა იყო შეხვედრა სპიკერთან, ვიცე-სპიკერთან, პარლამენტის წევრებთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ყველაფერი იდეალურად წარიმართა. ნებისმიერი საპირისპიროს მტკიცება აბსურდია“, - ამბობს რაიდი.

ესტონური პრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მკითხველის ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

„ლოთები და ნარკომანები იღებენ კანონებს; ეს არის რიიგიკოგუს ამჟამინდელი დონე“, „ასეთ პერსონაჟების ადგილი არაა პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი რიიგიკოგუში“, „რიიგიკოგუში ქრონიკული ალკოჰოლიკები არიან“ - წერენ მკითხველები. 

ცნობისთვის, ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაგნუს ცაჰკნა პარტიის „ესტონეთი 200“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. დამფუძნებელთა რიგებშია ასევე კადრი ნაპრიტსონ-აკუნა.  საპარლამენტო ჯგუფ „ესტონეთი 200“ წევრი იუკუ-კალე რაიდი  არის ესტონეთ-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრი, უსაფრთხოების ორგანოების ზედამხედველობის სპეციალური კომიტეტის და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი. მარეკ რეინასთან ერთად მისი ინიციირებულია მიმდინარე წლის 17 იანვრის რიიგიკოგუს განცხადება „ქართველი ხალხის მხარდასაჭერად“, რომელშიც ნათქვამია, რომ  „რიიგიკოგუ

– არ ცნობს საქართველოს პარლამენტს და მთავრობას, რომელიც ჩამოყალიბდა მოქალაქეების გაყალბებისა და დაშინების ატმოსფეროში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, და დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას;

– აღიარებს სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და მის ძალისხმევას ქვეყანაში კონსტიტუციური კრიზისის დასასრულებლად;

– გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული ძალების მიმართ, რომლებიც მოითხოვენ სასწრაფო ახალი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებას კონსტიტუციური კრიზისის დასასრულებლად და დემოკრატიის აღდგენის მიზნით;

– გმობს მშვიდობიანი დემონსტრაციების სასტიკ ჩახშობას აგრესიული რუსული იმპერიალიზმის მხარდაჭერით და მოითხოვს ყოველგვარი ძალადობისა და დევნის დასრულებას და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას;

– მოუწოდებს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მკაცრად შეზღუდონ კომუნიკაცია საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებთან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე“.