ძლიერმა ქარმა თელავი და მუნიციპალიტეტის 4 სოფელი - კურდღელაური, ვარდისუბანი, ვანთა და აკურა დააზარალა. ქარმა სახურავი გადახადა 15 საცხოვრებელ სახლს, წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები, დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ
მიეწოდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რის შემდეგაც საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.
უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება დაზარალებულ აბონენტებს ეტაპობრივად, ხვალ დღის პირველ ნახევრამდე აღუდგებათ.




