რუსეთის დედაქალაქში, „მოსკოვი სითიდ" წოდებულ ცათამბჯენების რაიონზე, სადაც არაერთი სამინისტროსა და კერძო კომპანიის ოფისები და ძვირად ღირებული საცხოვრებელი აპარტამენტები მდებარეობს, უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა იყო.

მოსკოვის მერ სერგეი სობიანინის ინფორმაციით, გასულ ღამით დრონი მოხვდა მშენებარე შენობას და რამდენიმე ფანჯარა ჩაამსხვრია. მისი მტკიცებით, არავინ დაშავებულა.

ივლისის ბოლოდან მოსკოვის ამ რაიონზე დრონებით რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა.

დღეს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა სტანდარტული განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „აღკვეთილია კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მორიგი მცდელობა“.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, "მოსკოვზე თავდასხმის მცდელობა იყო თვითმფრინავის ტიპის 3 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 2 გაანადგურეს მოსკოვის ოლქის იმკის და მოჟაისკის რაიონების ტერიტორიაზე, 1 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს და მართვის დაკარგვის შემდეგ შეეჯახა „მოსკოვი სითიში“ მშენებარე შენობას".

რუსული სააგენტო „ტასის" ინფორმაციით, დრონებით შეტევის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში არ მუშაობდნენ მოსკოვის შერემეტიევოს, დომოდედოვოს, ვნუკოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტები.

ბოლო რამდენიმე თვეა, გახშირდა რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის მოსკოვზე, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა. კიევი ამ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამასთან, უკრაინის ხელისუფლებაში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს მის მიერ გაჩაღებული ომი დაუბრუნდა.