ეს ომი იწვევს იმას, რომ ჩნდება ასობით სხვადასხვა ინტერპრეტაცია – დრონი უკრაინული იყო თუ რუსული, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას – ომი სხვა ქვეყნების საზღვრებისთვის საფრთხეს რეალობად აქცევს, – ამის შესახებ პოოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

უნგრელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბალტიის ქვეყნებში დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები იმ ესკალაციის ნაწილია, რომლის შესახებაც ის რამდენიმე თვის განმავლობაში საუბრობდა.

„ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვაფრთხილებდი, რომ ვითარება შეიძლება, გამწვავებულიყო არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომის მიმართულებით, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ ფლანგზე”, – განაცხადა ტუსკმა.

ტუსკის თქმით, მიმდინარე ომი სხვადასხვა ინტერპრეტაციას იწვევს – იყო ეს უკრაინული დრონი თუ რუსული – თუმცა ერთი რამ ნათელია: ომი სხვა ქვეყნების საზღვრებისთვის საფრთხეს რეალობად აქცევს.

„არ მიკვირს, რომ ბოლო დღეებში გაჩნდა სიგნალები, რომლებიც მიუთითებს, რომ ქაოსი შესაძლოა, ჩვენს მეზობლებსაც შეეხოს – განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებს”, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

მისივე თქმით, პოლონეთისთვის ამ ეტაპზე პირდაპირი საფრთხე არ არსებობს, თუმცა სხვადასხვა სახის პროვოკაციების რისკი სულ უფრო რეალური ხდება.