პოლონეთის მთავრობა უკრაინის მოქალაქის, ვოლოდიმირ ჟურავლიოვის, გერმანიაში ექსტრადიციის წინააღმდეგია, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.

ვარშავის რაიონულმა სასამართლომ  „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენების აფეთქებებში ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქის პატიმრობაში აყვანის შესახებ გამოიტანა გადაწყვეტილება.  

„ამ პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია არ შედის პოლონეთის ინტერესებში და მიზანშეწონილი არაა“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

„ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი 2022 წლის 26 სექტემბერს აფეთქდა. გამოძიებას გერმანია ხელმძღვანელობს.

ძირითადი ვერსიის თანახმად, რამდენიმე პირმა იახტა „ანდრომედა“ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დაიქირავა და ღრმა ზღვის აღჭურვილობის გამოყენებით გაზსადენებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა.

გერმანიის გენერალური პროკურატურის ცნობით, „ანდრომედას“ ბორტზე დაივინგის ინსტრუქტორი ვლადიმერ ჟურავლიოვი იმყოფებოდა. ის 30 სექტემბერს, გერმანიის მოთხოვნით, პოლონეთის ქალაქ პრუშკოვში დააკავეს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, მისი დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას განაცხადა, რომ მას პირადად ამ ადამიანისთვის ორდენის გადაცემის სურვილი აქვს.