აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მორიგი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტისთვის ახალი ლიცენზიების გაცემაზე დაწესებული მორატორიუმი გააუქმა.
აღნიშნული დირექტივა ტრამპმა ენერგეტიკაზე ზოგადი აღმასრულებელი ბრძანების ფარგლებში გამოსცა, რომელიც ენერგეტიკის დეპარტამენტს უბრძანებს, განაგრძოს ახალი განაცხადების მიღება. ჯო ბაიდენმა ეს პროცესი 2024 წლის იანვარში შეაჩერა, რადგან მისი ადმინისტრაცია თხევადი გაზის ექსპორტის გაზრდის შედეგად კლიმატის, ეკონომიკისა და ეროვნული უსაფრთხოების კუთხით შესაძლო შედეგებს იკვლევდა.
Bloomberg-ის ცნობით, დეკემბერში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გაზრდილი ექსპორტი ამერიკელი მომხმარებლებისთვის ბუნებრივ აირზე ფასებს გაზრდის და გლობალური გამონაბოლქვის დონის ზრდას გამოიწვევს.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა პირობა დადო, რომ იგი მყისიერად გააუქმებდა მორატორიუმს, რაც Venture Global LNG Inc.-ის, Energy Transfer LP-ისა და Commonwealth LNG-ის მულტიმილიარდიანი საექსპორტო პროექტების გეგმებს უშლიდა ხელს.
მანამდე, ფედერალურმა მოსამართლემ ბაიდენის მიერ დაწესებული მორატორიუმი მას შემდეგ გააუქმა, რაც 16-მა შტატმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რადგან მათი თქმით, იგი ფედერალურ კანონს არღვევდა. თუმცა, ენერგეტიკის დეპარტამენტი ვალდებული არ არის გასცეს ნებართვები, რომლებიც ამერიკული გაზის გაგზავნისთვის არის საჭირო ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება არ აქვთ.