აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 20 იანვარს ხელი მოაწერა განკარგულებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) შეერთებული შტატების გასვლის შესახებ.

აღმასრულებელ ბრძანებაში ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის მიზეზებად დასახელებულია ორგანიზაციის მიერ COVID-19 პანდემიის არასწორი მართვა, საჭირო რეფორმების გატარების კუთხით წარუმატებლობა და ჯანმო-ს წევრი ქვეყნების არასათანადო პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებლობის დემონსტრირების უუნარობა.

აღმასრულებელ ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯანმო აგრძელებს უსამართლოდ მძიმე გადახდების მოთხოვნას აშშ-სგან.

ცნობისათვის, დონალდ ტრამპმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლის გადაწყვეტილება პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2020 წელს მიიღო, მაგრამ ტრამპის გადაწყვეტილება 2021 წელს პრეზიდენტმა ბაიდენმა გააუქმა.