აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება ომის შედეგად დაღუპულთა რაოდენობას მალავს, თუმცა არ განმარტავს, მისი აზრით, რატომ აკეთებენ ამას. ამის შესახებ მან ლექს ფრიდმანის პოდკასტში ისაუბრა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის "გარანტირებულად" მოახერხებს დაპირისპირებული მხარეების შეთანხმებას და ომის დასრულებას. მან ასევე თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ომი პრინციპში არ მოხდებოდა და ამაში დამნაშავეა "ყველაზე ცუდი პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში."
შემდეგ, მან საუბარი დაიწყო ომში დაღუპულთა რაოდენობაზე და რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეალური რიცხვი "ბევრად მეტია, ვიდრე ხალხს სჯერა."
"როცა უყურებ ნგრევას, შენობებს, რომლებიც ყველგან ნადგურდება უკრაინაში, ვფიქრობ, რომ რიცხვი გაცილებით მეტი იქნება. ისინი იტყუებიან რიცხვზე, ცდილობენ მის შემცირებას. მათ გაანადგურეს ორი კვარტალის სიგრძის შენობა - ეს საკმაოდ დიდი შენობებია. მათი თქმით, ერთმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. არა, არა, ბევრი ადამიანი დაიღუპა. და ამ შენობებში ხალხია და მათ შანსი არ აქვთ," - თქვა ტრამპმა.
ცოტა მოგვიანებით, საპრეზიდენტო კანდიდატმა აღნიშნა, რომ მას აქვს "ძალიან ზუსტი გეგმა, თუ როგორ უნდა შეაჩეროს უკრაინა და რუსეთი," ასევე "იდეა" თუ რა უნდა გააკეთოს ჩინეთთან.
"მაგრამ მე ვერ გეტყვით ამ გეგმებს, რადგან თუ ვისაუბრებ ამ გეგმებზე, ვერ განვახორციელებ, ისინი ძალიან წარუმატებელი იქნება. იცით, ეს ნაწილობრივ სიურპრიზია, არა? მაგრამ ისინი ჩვენთვის სასარგებლო არ იქნება," - განაცხადა მან.
დონალდ ტრამპი აქტიურად საუბრობს გარკვეული "გეგმის" არსებობაზე, რომელიც ნოემბრის არჩევნებში პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში უკრაინაში ომს "24 საათში" დაასრულებს.