დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ფლორიდაში პირადი მოხმარებისთვის მარიხუანის ლეგალიზაციას. ამის შესახებ BBC წერს.
რესპუბლიკელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა, რომ ნოემბერში დაგეგმილ კენჭისყრაზე ამომრჩევლები, დიდი ალბათობით, მარიხუანის ლეგალიზაციას მისცემენ ხმას და ამიტომ „ეს სწორად უნდა გაკეთდეს“.
„ადამიანი არ უნდა იყოს კრიმინალი ფლორიდაში, როდესაც მარიხუანა ლეგალურია ამდენ სხვა შტატში. ჩვენ არ უნდა დავუნგრიოთ ადამიანს ცხოვრება და არაა საჭირო გადასახადების გადამხდელების ფულის ფუჭად ხარჯვა ზრდასრული ადამიანების დასაპატიმრებლად, რომლებსაც პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი რაოდენობის მარიხუანა აქვთ“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ეს პოზიცია ეწინააღმდეგება სხვა მაღალი რანგის რესპუბლიკელების მოსაზრებებს, მათ შორის, ფლორიდის გუბერნატორის, რონ დესანტისის, რომელიც ამტკიცებს, რომ რეკრეაციული მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაცია „ცუდი იქნება ცხოვრების ხარისხისთვის“.
სამედიცინო მარიხუანა ფლორიდაში 2016 წელს გახდა ლეგალური. Pew Research Center-ის მონაცემებით, მარიხუანა პირადი და სამედიცინო მოხმარებისთვის ლეგალურია აშშ-ს 24 შტატში. კიდევ 14 შტატში ლეგალიზებულია სამედიცინო მარიხუანა.
ცნობისთვის, ფლორიდაში მარიხუანის ლეგალიზაციის საკითხზე საკანონმდებლო შესწორებას ამ შტატის მოსახლეობა ნოემბერში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად უყრის კენჭს.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ მარიხუანის ლეგალიზაციასთან ერთად საჭირო იქნება კონკრეტული წესების შემოღება „მისი საზოგადოებრივ სივრცეებში გამოყენების აკრძალვისთვის“.
„რომ არ ვიყნოსოთ მარიხუანა ყველგან, სადაც მივდივართ, როგორც ეს ხდება დემოკრატების მიერ მართულ ბევრ ქალაქში“, – განაცხადა ტრამპმა.