აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე ახალ ბრალდებას არჩევნებში ჩარევის მცდელობა უწოდა.

„ეს უბრალოდ არჩევნებში ჩარევის მცდელობაა. ეს არის ამერიკელი ხალხის ყურადღების გადატანა იმ კატასტროფებისგან, რაც კამალა ჰარისმა მიაყენა ჩვენს ერს. ეს პოლიტიკური ოპონენტის დევნაა!“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

სპეციალურმა პროკურორმა ჯეკ სმიტმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ხელახლა შემუშავებული საბრალდებო დასკვნა  წარადგინა.

ახლა უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 5 ნოემბრის ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაიწყოს.

საბრალდებო დასკვნის ახალ ტექსტში დარჩა ოთხი პუნქტი, რომლებშიც ტრამპს ედება ბრალი, მაგრამ ფორმულირება ისე შეიცვალა, რომ ტექსტი აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოთხოვნას.

სპეციალური პროკურორი ტრამპს ადანაშაულებს მთავრობის მოტყუების მიზნით შეთქმულებაში, ოფიციალურ პროცესებში ხელის შეშლაში, ოფიციალურ პროცესებში ჩარევის მცდელობაში და შეთქმულებაში მოქალაქეთა უფლებების დარღვევის მიზნით.

როგორც ცნობილია, ორი თვის წინ ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს ოფიციალურ ქმედებებზე სისხლის სამართლებრივი დევნისგან აბსოლუტური იმუნიტეტი მიანიჭა. აბსოლუტური იმუნიტეტი ვრცელდება ყველა იმ ოფიციალურ ქმედებაზე, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს განახორციელა. იმუნიტეტი არ ვრცელდება არაოფიციალურ, პირადი ხასიათის ქმედებებზე, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მოუწევთ, თავად გამიჯნონ პრეზიდენტის ოფიციალური და არაოფიციალური ქმედებები.