სპეციალურმა პროკურორმა ჯეკ სმიტმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ხელახლა შემუშავებული საბრალდებო დასკვნა წარადგინა. იუწყება Reuters
როგორც მედია აღნიშნავს, ახლა უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 5 ნოემბრის ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაიწყოს.
საბრალდებო დასკვნის ახალ ტექსტში დარჩა ოთხი პუნქტი, რომლებშიც ტრამპს ედება ბრალი, მაგრამ ფორმულირება ისე შეიცვალა, რომ ტექსტი აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოთხოვნას.
სპეციალური პროკურორი ტრამპს ადანაშაულებს მთავრობის მოტყუების მიზნით შეთქმულებაში, ოფიციალურ პროცესებში ხელის შეშლაში, ოფიციალურ პროცესებში ჩარევის მცდელობაში და შეთქმულებაში მოქალაქეთა უფლებების დარღვევის მიზნით.
როგორც ცნობილია, ორი თვის წინ ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს ოფიციალურ ქმედებებზე სისხლის სამართლებრივი დევნისგან აბსოლუტური იმუნიტეტი მიანიჭა. აბსოლუტური იმუნიტეტი ვრცელდება ყველა იმ ოფიციალურ ქმედებაზე, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს განახორციელა. იმუნიტეტი არ ვრცელდება არაოფიციალურ, პირადი ხასიათის ქმედებებზე, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მოუწევთ, თავად გამიჯნონ პრეზიდენტის ოფიციალური და არაოფიციალური ქმედებები.
ტრამპი უარყოფს ყველა ბრალდებას და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ამტკიცებს, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგები გაყალბებულია.