აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა "შესაძლოა, ერთ დღეს რუსული გახდეს". ინტერვიუში ტრამპი საუბრობდა მისი ადმინისტრაციის მცდელობებზე, მოაგვაროს კონფლიქტი უკრაინასა და რუსეთს შორის.
"მათ შეიძლება შეთანხმებას მიაღწიონ, შეიძლება ვერ მიაღწიონ. შესაძლოა, ოდესმე ისინი რუსები გახდნენ, ან შესაძლოა არ გახდნენ. მაგრამ ჩვენ უკრაინაში ამდენი ფული გვექნება ჩადებული და მე ვამბობ - მინდა, რომ ეს ფული დაგვიბრუნდეს", - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, აშშ-ის დახმარების უკრაინის ბუნებრივი რესურსებით ანაზღაურება სურს. ტრამპის თქმით, უკრაინულ მხარეს განუცხადა, რომ 500 მილიარდი დოლარის ღირებულების იშვიათი ლითონები სურს და ისინი ამას დათანხმდნენ.
"მათ იშვიათი მინერალების, ნავთობისა და გაზის, ასევე სხვა რესურსების თვალსაზრისით უაღრესად ძვირფასი მიწა აქვთ. მინდა, რომ ჩვენი ფული დაცული იყოს, რადგან უკრაინაში ასეულობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.