ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს 18 მარტს გეგმავს. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გასული კვირის ბოლოს დიდი სამუშაო ჩატარდა.
"გვსურს, ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ომის დასრულებას", - განაცხადა ტრამპმა.
მან არც დადებითი და არც უარყოფითი შედეგი არ გამორიცხა, თუმცა, თქვა, რომ "კარგი შანსები" არსებობს.
აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსულ და უკრაინულ მხარეებთან განიხილება "გარკვეული აქტივების გაყოფა" და საუბარი იქნება ტერიტორიებსა და ელექტროსადგურებზე. დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუმცა როგორც ამერიკული მედია წერს, სავარაუდოდ, გულისხმობდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.