CBS News-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია რუსულ ნავთობზე, გაზსა და საბანკო სექტორზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს - რუსეთს მეტად შეეზღუდება წვდომა აშშ-ის საგადამხდელო სისტემებზე.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 12 მარტს სახაზინო დეპარტამენტმა გააუქმა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იანვარში გამოცემული 60-დღიანი საგამონაკლისო პერიოდი, რომელიც ენერგეტიკასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ ტრანზაქციებში, მათ შორის სანქცირებულ რუსულ ბანკებზეც ვრცელდებოდა. ამიერიდან, ამ ბანკებს აშშ-ის საგადამხდელო სისტემების გამოყენება ენერგეტიკის ტრანზაქციებისთვის აღარ შეეძლებათ.
სანქციებისგან თავისუფლები იყვნენ შემდეგი რუსული ფინანსური ინსტიტუტები: ვნეშეკონომბანკი, Financial Corporation Otkritie, სოვკომბანკი, სბერბანკი, VTB ბანკი, ალფა-ბანკი, როსბანკი, ზენიტი, სანქტ-პეტერბურგის ბანკი და რუსეთის ცენტრალური ბანკი.
აღნიშნული შეზღუდვები გაართულებს ტრანზაქციებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ, შესაბამისად, შემცირდება რუსული ნავთობის საერთაშორისო მიწოდება — მოსალოდნელია ნავთობის ფასის ზრდა.
CBS-ის ცნობით, სანქციები დაკავშირებულია რუსეთისთვის შეთავაზებულ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტასთან — ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, პუტინი ამ პირობებზე ეკონომიკური ზეწოლის საშუალებით დაითანხმოს.