აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელს უფლება აქვს უპასუხოს "ჰამასის" თავდასხმებს. ტრამპი მიიჩნევს, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

"როგორც მე მესმის, მათ ისრაელელი ჯარისკაცი მოკლეს. ამიტომ, ისრაელმა საპასუხო დარტყმა განახორციელა და ისინი ვალდებული არიან დარტყმით უპასუხონ. როდესაც ეს მოხდება, მათ უნდა უპასუხონ... არავინ იცის, რა დაემართა ისრაელელ ჯარისკაცს, მაგრამ ამბობენ, რომ ეს სნაიპერის ცეცხლი იყო. და ეს იყო შურისძიება  და მე ვფიქრობ, რომ მათ ამის უფლება აქვთ", - განაცხადა ტრამპმა

ამავდროულად, მან განაცხადა, რომ არაფერი შეუქმნის საფრთხეს ცეცხლის შეწყვეტას.

"უნდა გესმოდეთ, რომ "ჰამასი" ახლო აღმოსავლეთში მსოფლიოს ძალიან მცირე ნაწილია და ისინი წესიერად უნდა მოიქცნენ... თუ ისინი კარგები არიან, ბედნიერები იქნებიან, ხოლო თუ ცუდები, განადგურდებიან," - აღნიშნა ტრამპმა.

ღაზას ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის დარტყმების შედეგად სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა.

ცნობისათვის, ისრაელმა ქალაქ ღაზაზე იერიში მიიტანა.