ჩვენ არასდროს, არასდროს დავივიწყებთ 11 სექტემბრის ტერაქტს, სწორედ ამიტომ ვიბრძვით დღეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პენტაგონში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ჩვენს სამყაროს 2 977 მშვენიერი სული გამოაკლდა, კიდევ ბევრი კი მომდევნო კვირებსა და წლებში საშინელი, მძიმე დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. უამრავმა ადამიანმა მიიღო ასეთი ტრავმები. ჩვენ არასდროს, არასდროს დავივიწყებთ მათ. სწორედ ამიტომ ვიბრძვით დღეს. არჩევანი არ გვაქვს. მხოლოდ გამარჯვებაა შესაძლებელი. ჩვენ მტკიცედ ვიბრძვით. ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძვით“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა გაიხსენა 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ისტორიები და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე ასევე იმის გახსენებას ემსახურება, თუ „როგორ უპასუხა ამერიკამ ბოროტებას“.

„თავდასხმების შემდგომ იმ მძიმე დღეებში ჩვენ ვიხილეთ ჩვენი ერის ნამდვილი სული. იმ დღეს ყველანი ნიუ იორკელები ვიყავით. თითოეული ჩვენგანი. ყველანი ნიუ იორკელები ვიყავით, მაგრამ ამავდროულად – ამერიკელებიც. ყველანი ერთი ოჯახი ვიყავით“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი.

„ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ იმ სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, რომლებიც ამჟამად მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ტერორიზმის მსოფლიოში მთავარ სპონსორს ირანის ისლამურ რესპუბლიკას არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.