„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის 20-მა შტატმა და კოლუმბიის ოლქმა ორი სარჩელი შეიტანეს, რომლებშიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „გადაშენების პირას მყოფი სახეობების შესახებ“ ფედერალური კანონის შესუსტებაში ადანაშაულებენ.

როგორც მედია წერს, აღნიშნული კანონის მიზანი შტატების სიმბოლოს, თეთრთავა არწივისა და სხვა ველური ცხოველების დაცვაა ეკონომიკური განვითარების შედეგად წარმოქმნილი საფრთხეებისგან.

როგორც ცნობილია, ერთ სარჩელში შტატებმა გაასაჩივრეს წესი, რომელიც ბუნების მიმართ ზიანის განმარტებას ავიწროებს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს მიღებული წესები უშვებს ნავთობის მოპოვებას, სამთო მოპოვებას და სხვა საქმიანობას ცხოველთა ბუნებრივ გარემოში, თუ ეს საქმიანობა პირდაპირ არ კლავს ან არ აზიანებს ცხოველებს.

მეორე სარჩელი კი ორ წესს ასაჩივრებს. ერთი წესი გამორიცხავს გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიაში ახლახან შეტანილი სახეობების ფართო დაცვას. მეორე წესი მთავრობას ავალდებულებს, განიხილოს დეველოპერების, წიაღისეული საწვავის კომპანიებისა და სხვა ბიზნესების წინააღმდეგობები, ვიდრე ტერიტორიებს „კრიტიკულ ჰაბიტატებად“ გამოაცხადებს.

მედიის ცნობით, „გადაშენების პირას მყოფი სახეობების შესახებ“ კანონი აშშ-ში 1973 წელს მიიღეს. მათივე ინფორმაციით, კანონის შესუსტება ემთხვევა ტრამპის მიზანს, შეამციროს რეგულაციები, რომლებიც, მისი თქმით, ამერიკულ ბიზნესს ზღუდავს.