აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მან გასულ კვირაში, სატელეფონო საუბრისას ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ღაზის მიმართ "კარგები უნდა იყვნენ". ტრამპმა ნეთანიაჰუს სექტორში მეტი საკვებისა და მედიკამენტის შეშვებისკენ მოუწოდა. 

ტრამპს რეპორტიორებმა შეკითხვა დაუსვეს, წამოიჭრა თუ არა ღაზის სექტორში შემავალი ჰუმანიტარული დახმარების გარშემო არსებული შეშფოთებების საკითხი ისრაელის პრემიერმინისტრთან სატელეფონო საუბრისას. 

"ღაზის საკითხი წამოიჭრა და მე ვთქვი, რომ "ღაზის მიმართ კარგები უნდა ვიყოთ". იქ ძალიან დიდი საჭიროება არსებობს საკვებისა და მედიკამენტების. ჩვენ ამაზე ვიზრუნებთ". - თქვა ტრამპმა. 

ხოლო როცა აშშ-ს პრეზიდენტს ჰკითხეს, მოუწოდებდა თუ არა იგი ისრაელს ღაზაში დახმარების შეშვებისკენ, ტრამპმა დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ მას სურს, "მეტი საკვები და მედიკამენტი შედიოდეს ღაზაში". 

ტრამპის თქმით, ნეთანიაჰუ მოწოდების მიმართ "კარგად იყო განწყობილი".