აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ოფიციალური განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირდაპირი ბრძანების საფუძველზე, ამერიკულმა ავიაციამ ირანის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების მიმართულებით მასშტაბური საჰაერო ოპერაცია წამოიწყო.
სარდლობის ცნობით, დარტყმების მიზანი ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო ინფრასტრუქტურის, სარაკეტო ბაზებისა და იმ ობიექტების განეიტრალებაა, რომლებიც, ვაშინგტონის შეფასებით, რეგიონში ამერიკული ძალებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ საფრთხეს ქმნიან.
"პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის მკაცრი და აუცილებელი პასუხი ჩვენი პერსონალის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე. ჩვენი ამოცანაა, შევაკავოთ ნებისმიერი აგრესია და დავიცვათ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები", – ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.
პენტაგონში აცხადებენ, რომ ოპერაცია მიმდინარეობს "მაღალი სიზუსტის" შეიარაღების გამოყენებით, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი თანამდევი ზიანი. ამ ეტაპზე ოპერაციის ხანგრძლივობისა და მასშტაბების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
თეთრი სახლის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტი ტრამპი ვითარებას პირადად აკვირდება სიტუაციურ ოთახში (Situation Room) და მუდმივ კავშირზეა სამხედრო ხელმძღვანელობასთან.




