უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, თუ ევროპული საბჭო დადებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ამას დამანგრეველი შედეგი ექნება უკრაინისთვის და ევროკავშირისთვის. ამის შესახებ კულებამ ბრიუსელში, ევროსაბჭოს მინისტერიალის შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავს კვირის ბოლოს სამიტისთვის მომზადებას, სადაც უნდა გადაწყდეს უკრაინა-მოლდოვისთვის წევრობაზე მოლაპარაკების დაწყება, საქართველოსთვის კი კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

"საფრთხეები ერთიანია უკრაინისთვის და ევროკავშირისთვისაც. უარის შემთხვევაში, ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს ხალხს მოტივაციას დაუკარგავს, მაგრამ გაგზავნის სიგნალს მთელს კონტინენტზეც, რომ ევროკავშირს არ შეუძლია ისტორიული გადაწყვეტილებების მიღება და დაპირების შესრულება. ეს იქნება გამანადგურებელი ორივესთვის, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება. საკითხი ასე დგას, შეძლებს თუ არა ვინმე პროცესის შენელებას.

თამაში სამართლიანი უნდა იყოს. თუ გვეუნებიან, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ და ჩვენ ვაკეთებთ, ეს უნდა შეფასდეს როგორც შედეგი. ახლა ერთი დიდი გუნდია, რომელიც გაფართოების ნაწილს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია პროგრესი ყველასთვის.

ორი წლის წინ ამაზე ლაპარაკიც კი შეუძლებელი იყო, მაშინ არც უკრაინას და არც საქართველოს არ მისცემდნენ ევროპულ პერსპექტივას. ევროკავშირისთვის გამოღვიძების, იმის გაცნობიერების მომენტის ხელიდან გაშვება, რომ სიძლიერე მოდის გაფართოებიდან, იქნება უზარმაზარი ისტორიული შეცდომა", - ამბობს კულება.