უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, კიევის სტრატეგიული მიზანი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დაბრუნებაა.

„ჩვენი სტრატეგიული მიზანი, 1991 წლის საზღვრებზე კონტროლის აღდგენა, უცვლელი რჩება და მის განხორციელებაში ხელს არაფერი შეგვიშლის“, - განაცხადა კულებამ NATO-ს შტაბ-ბინაში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შემდგარ უკრაინა-NATO–ს საბჭოს პირველი შეხვედრის წინ.

მისი თქმით, რუსეთთან ტერიტორიული კომპრომისები არ იქნება.

„ადამიანებმა, ვინც ამას გვთავაზობენ, უპირველეს ყოვლისა, თავიანთ მთავრობებს იგივე უნდა შესთავაზონ, გადასცენ სხვას თავისი ტერიტორიისა და ხალხის ნაწილი. გააკეთონ ეს და ვნახოთ, რამდენად შესაძლებელია ამაზე საუბარი“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.