გერმანიის მთავრობამ TAURUS-ის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების მოდერნიზება გადაწყვიტა, რათა ყველა მათგანი საბრძოლო მზადყოფნაში იყოს. ამის შესახებ Die Welt წერს.
გამოცემის ცნობით, 12 მარტს გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ შესაბამის გეგმაზე ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომის საიდუმლო ნაწილისას ისაუბრა.
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის შეიარაღებული ძალების არსენალში 600 TAURUS-ია, ზუსტი რიცხვი კლასიფიცირებულია. 2018 წელს განხორციელებული ტექნიკური მოდერნიზაციის შემდეგ მხოლოდ ნახევარია საბრძოლო მზადყოფნაში, დანარჩენს კი სერტიფიცირების ვადა გაუვიდა.
ექსპლუატაციაში შესვლისთვის ყველა რაკეტამ უნდა გაიაროს სრული შემოწმება, ხოლო ის რაკეტები, რომლებსაც სერტიფიცირების ვადა ამოეწურა, კაპიტალური რემონტისთვის იგზავნება. როგორც Die Welt ხაზს უსვამს, გადაწყვეტილება მთელი TAURUS-ის ექსპლუატაციაში მოყვანის შესახებ ახალ შესაძლებლობებს უხსნის მთავრობას: ის უკრაინისთვის მეტი ფრთოსანი რაკეტის გადაცემას შეძლებს.
სტატიის ავტორებს ასევე მიაჩნიათ, რომ უფრო სავარაუდოა ე.წ. "წრიული გაცვლა" მოკავშირეებთან, რომლის დროსაც TAURUS-ებს ბრიტანეთი მიიღებს და უკრაინას საკუთარ Storm Shadow-ს რაკეტებს მიაწვდის. ამ სქემას მხარს უჭერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.