დღეს NATO ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთში სამხედრო წვრთნას „ჩრდილოეთური პასუხი 2024“ იწყებს. სწავლებაში, რომელიც თითქმის ორ კვირას გასტანს და ფინეთის, ნორვეგიისა და შვედეთის ჩრდილოეთ რეგიონებში გაიმართება, 13 ქვეყნის 20 ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს.
წვრთნას ნორვეგია ხელმძღვანელობს.
"მასში მონაწილეობს ფინეთის 4000-ზე მეტი ჯარისკაცი, რაც NATO–ს ახალი წევრის სამხედროთა ყველაზე დიდი რაოდენობაა საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში ქვეყნის მონაწილეობის მთელი ისტორიის მანძილზე", აცხადებენ ფინეთის შეიარაღებულ ძალებში.
ფინეთი, რომელსაც რუსეთთან 1340-კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებს, ალიანსის წევრი 2023 წლის აპრილში გახდა.
მას შემდეგ, რაც NATO–ს ყველა წევრმა მოახდინა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მის წევრობაზე განაცხადის რატიფიკაცია, ფინეთის მეზობელი შვედეთი ამჟამად ფორმალობების საბოლოოდ მოგვარებითაა დაკავებული, რათა ალიანსის 32-ე წევრი გახდეს. დიდი ალბათობით, ეს მიმდინარე თვეში მოხდება.