ისრაელის მიერ ირანის ბირთვული ობიექტებისა და უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამ კვირაში უპრეცედენტო დარტყმების ტალღის დაწყებამდე, მისი ჯაშუშები უკვე მტრის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ამის შესახებ CNN წერს.

ისრაელის სადაზვერვო სააგენტო "მოსადმა" იერიშების წინ იარაღი შეიტანა ირანში, ისრაელის უსაფრთხოების წარმომადგენლების თქმით, და ამ იარაღს ირანის თავდაცვის წინააღმდეგ შიგნიდან იყენებდა.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისრაელმა ირანის შიგნით ასაფეთქებელი დრონების გასაშვები ბაზა შექმნა და დრონები მოგვიანებით თეირანის მახლობლად სარაკეტო დანადგარების დასაზიანებლად გამოიყენეს. ზუსტი დამიზნების იარაღი ასევე კონტრაბანდულად შევიდა და გამოყენებულ იქნა მიწა-ჰაერი ტიპის სარაკეტო სისტემების დასაზიანებლად, რითაც ისრაელის საჰაერო ძალებს გზა გაუხსნა,  რომ პარასკევს, გამთენიისას, 100-ზე მეტი დარტყმა განეხორციელებინათ 200-მდე თვითმფრინავით.

ირანის თავდაცვის სისტემების გამორთვის გეგმა, როგორც ჩანს, ეფექტური იყო. ისრაელმა განაცხადა, რომ მისი ყველა თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაბრუნდა დარტყმებიდან, რაც, როგორც ჩანს, ისრაელის საჰაერო უპირატესობას აჩვენებს ქვეყნის ნაწილებზე, რომლებიც ასობით მილის მოშორებით მდებარეობს.

ირანში "მოსადის" მიერ მოპოვებულმა დაზვერვამ ისრაელის საჰაერო ძალებს ირანელი მაღალი რანგის მეთაურებისა და მეცნიერების მიზანში ამოღების შესაძლებლობაც მისცა.

"მოსადმა" გაავრცელა ვიდეო მისი ზოგიერთი ოპერაციიდან, სადაც ჩანს, როგორ უტევენ დრონები სარაკეტო დანადგარებს, რომლებიც, როგორც ჩანს, არაფერს ეჭვობენ.

ეს არის უახლესი ოპერაცია, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად ღრმად შეაღწია ისრაელის სადაზვერვო სამსახურებმა, მათ შორის "მოსადმა", ირანის ყველაზე საიდუმლო ნაწილში. ამ ოპერაციებმა "მოსადი" ირანში თითქმის შეუჩერებელ ძალად წარმოაჩინა, რომელსაც შეუძლია დარტყმა მიაყენოს მის ზოგიერთი უმაღლესი რანგის თანამდებობის პირსა და ყველაზე მგრძნობიარე ობიექტს.

ისრაელის უსაფრთხოების წყარომ განაცხადა, რომ უახლესი ოპერაცია მოითხოვდა კომანდოს ძალების მოქმედებას თეირანის სიღრმეში. წყაროს თქმით, "მოსადის" ჯგუფები ისრაელის საჰაერო ძალების თავდასხმის დაწყებისთანავე მიზანში იღებდნენ საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, ბალისტიკურ რაკეტებსა და სარაკეტო დანადგარებს.

ისრაელის უსაფრთხოების მეორე წყარომ განაცხადა, რომ "მოსადის" ოპერაციები წლების განმავლობაში მზადდებოდა, რაც მოიცავდა როგორც სადაზვერვო საქმიანობას, ასევე "მოსადის" კომანდოების მტრის ხაზს მიღმა ღრმად განლაგებას.

უსაფრთხოების წყაროს ცნობით, "მოსადის" კომანდოს ძალების ნაწილი ირანის დედაქალაქში მოქმედებდა.

ოთხშაბათის თავდასხმამდე დიდი ხნით ადრე, "მოსადის" მიერ დაარსებული დრონების ბაზის გარდა, "მოსადის" კომანდოებმა ირანის სარაკეტო საჰაერო თავდაცვის სისტემების მახლობლად განათავსეს "სიზუსტით მართვადი იარაღის სისტემები", რომლებიც ამოქმედდა ისრაელის საჰაერო ძალების მიერ თავდასხმების დაწყების პარალელურად. მეორე ოპერაციის ფარგლებში, სხვა ირანული თავდაცვის სისტემების დასაზიანებლად, განლაგდა დახვეწილი, ავტომობილებზე დამონტაჟებული შეიარაღება.

"მოსადის" ოპერაცია ასევე მოიცავდა ირანის მაღალი რანგის ჩინოვნიკების მკვლელობებს.