თეთრმა სახლმა ტელეკომპანია CNN-ის ჟურნალისტებს აუკრძალა პრეზიდენტის თვითმფრინავით (Air Force One) ფრენა დონალდ ტრამპის მგზავრობისას, — იუწყება თავად ტელეკომპანია.

CNN-ის ჟურნალისტები, თეთრი სახლის პრეს-პულის შემადგენლობაში, პრეზიდენტის ბორტზე უნდა ყოფილიყვნენ მისი ტენესიში გამგზავრებისას. როგორც CNN აღნიშნავს, პრეს-პული ტრადიციულად, აშუქებს პრეზიდენტის საქმიანობას შეზღუდული სივრცის მქონე ადგილებში და მოპოვებულ ინფორმაციას სხვა ტელეკომპანიებს უზიარებს.

იმის შესახებ, რომ CNN-ის ჟურნალისტებს ბორტზე არ დაუშვებდნენ, ტელეკომპანიამ გაფრენის წინა საღამოს შეიტყო. ამასთან, მგზავრობის განრიგში ტელეკომპანიის ჟურნალისტების ჩანაცვლება არ მომხდარა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ვიზიტის სატელევიზიო გაშუქება არ იქნება, — იუწყება ტელეკომპანია. თეთრ სახლს აღნიშნულზე კომენტარი არ გაუკეთებია.

18 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ CNN-ის, MS NOW-სა და Politico-ს კორესპონდენტებს თეთრ სახლში შესვლას ეკრძალებათ, რადგან ეს გამოცემები თითქოს ყალბ ამბებს ავრცელებენ.

მათ მხარდასაჭერად პრესის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციები და ათობით მედიასაშუალება გამოვიდა. ოთხმა უმსხვილესმა ამერიკულმა სატელევიზიო ქსელმა — ABC-მ, CBS-მა, NBC-მ და Fox News-მა — სოლიდარობის ნიშნად უარი თქვა დონალდ ტრამპის მონაწილეობით გამართული ღონისძიებების გაშუქებაზე.

გამოცემებმა სასამართლოში ერთობლივი სარჩელი შეიტანეს და განაცხადეს, რომ აკრძალვა არღვევს კონსტიტუციის პირველ შესწორებას, რომელიც სიტყვისა და პრესის თავისუფლების გარანტიას იძლევა. ამ კვირაში აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, პროცესის დასრულებამდე აღედგინა დაშვება CNN-ის, MS NOW-სა და Politico-სთვის.

თუმცა, ამ გადაწყვეტილების შემდეგაც ჟურნალისტები თეთრ სახლში შესვლის აკრძალვას წააწყდნენ. ამასთან, როგორც CNN იუწყება, ტელეკომპანია შეუფერხებლად მუშაობდა ამ კვირის ბოლოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის, სი ძინპინის აშშ-ში ვიზიტის დროს.