ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, მძიმე ჯავშანტექნიკის დეფიციტის გამო, რუსი სამხედროები იძულებულნი არიან, საბრძოლო ოპერაციებში გამოიყენონ პირველი ომის შემდგომი თაობის მოდელები, რომლებიც წარმოებული იყო სსრკ-ში 1960-იან და 1970-იან წლებში.
2022 წლის ზაფხულიდან, ამ ტიპის დაახლოებით 800 ტანკია ამოღებული საწყობიდან, ზოგიერთი მათგანი განახლდა და აღიჭურვა სათვალთვალო სისტემებით, რამაც ღამით მათი ეფექტურობა გაზარდა, ნათქვამია განცხადებაში. ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ T-62 ტანკები 1-ელი გვარდიის სატანკო არმიისთვის, რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სატანკო ქვედანაყოფისთვის გაიგზავნოს. ადრე ვარაუდობდნენ, რომ იგი "არმატას" ტიპის თანამედროვე ტანკებით იქნებოდა შეიარაღებული.
გარდა ამისა, ბოლო დღეებში, საბჭოთა BTR-50-ები, რომლებიც 1950-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა და ექსპლუატაციაში 1954 წელს ჩაეშვა, უკრაინის ბრძოლის ველზე ნახეს, განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ. მათი წარმოება 1970-იან წლებში შეწყდა. სამხედრო ტექნიკის ორივე ეს მოდელი ძალიან დაუცველია თანამედროვე ბრძოლების პირობებში, წერს სააგენტო და აღნიშნავს, რომ მათ არ გააჩნიათ თანამედროვე რეაქტიული ჯავშანი.
იმავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 6 მარტის მდგომარეობით, რუსულმა ძალებმა 3423 ტანკი და 6703 ჯავშანტექნიკა დაკარგეს.