რუსეთმა, სავარაუდოდ, ირანიდან ადრე შეძენილი კამიკაძე დრონები Shahed-136-ები უკვე გამოიყენა. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ მიმოხილვაში ვკითხულობთ.
მიმოხილვის ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ 15 თებერვლის შემდეგ არ ყოფილა ცნობები უკრაინის ტერიტორიაზე ირანული დრონების გამოყენებით რუსული თავდასხმების შესახებ, მანამდე კი უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ 2023 წლის დასაწყისში რამდენიმე ათეული ასეთი უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა, ხოლო იანვრის ბოლოს - თებერვლის დასაწყისში მათ კიდევ 24 Shahed-136 ჩამოაგდეს.
ბრიტანული დაზვერვის თანახმად, ამ დრონების გამოყენების მტკიცებულებების ნაკლებობა "ალბათ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ამოწურა თავისი ამჟამინდელი მარაგი."
"სავარაუდოდ, რუსეთი ეძებს შესაძლებლობას, რომ შეავსოს ასეთი დრონების მარაგი. მიუხედავად იმისა, რომ ამ იარაღს არ აქვს კარგი შედეგები სამიზნეების განადგურებაში, რუსეთი, ალბათ, მიიჩნევს მათ, როგორც სასარგებლო სატყუარას, რომელსაც შეუძლია გადატვირთოს უკრაინის საჰაერო თავდაცვა უფრო ეფექტური რუსული ფრთოსანი რაკეტების გამოყენებისას." - ნათქვამია განცხადებაში.