ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს შესახებ.
ბორელის თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ ე.წ. „აგენტების კანონის" მიღების შემთხვევისთვის შესაფერისი პასუხების განხილვა დაიწყო, თუმცა გადაწყვეტილებას ივნისში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მიიღებენ.
„ჩვენ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აზრები გავცვალეთ. ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს არც თუ ისე მნიშვნელოვანია, არც თუ ისე სამწუხაროა, ზოგიერთი თვლის, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ნახსენები იყო ვენეციის კომისიის დასკვნა და აღნიშნული დასკვნის თანახმად, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ეს კანონი გააუქმოს.
კანონის მიღების შემთხვევაში ჩვენ ევროკავშირის შესაფერისი პასუხების განხილვა დავიწყეთ და გადაწყვეტილების მიღება ივნისში გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მოხდება, მაგრამ ვისურვებდი, რომ ევროკავშირის წევრები მზად იყვნენ გადაწყვეტილებები ყოველ ჯერზე მიიღონ, როცა ისეთი რამ მოხდება, რაც არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს, არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს, არ შეესაბამება ევროპულ გზას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.