ბოლნისის რაიონში მადნების მოპოვების ლიცენზიის მფლობელმა რუსულმა კომპანიამ სომხეთში ზანგეზურის Cu-Mo-ის კომბინატის აქციების 60% იყიდა
1640807516
ინფორმაციას ქაჯარანის სპილენძ-მოლიბდენის კომბინატის აქციების 60%-ის „გეოპრომაინინგის" მესაკუთრე ბიზნესმენების მფლობელობაში გადაცემის შესახებ სომხური სააგენტოები ავრცელებენ
სომხური პრესის ცნობით, გუშინ, 28 დეკემბერს, კონკურენციის დაცვის კომისიის თავმჯდომარე გეგამ გევორქიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დარგში მიმდინარე წლის ყველაზე დიდი გარიგება არის რუსეთში რეგისტრირებული კომპანიისთვის ზანგეზურის (იგივე ქაჯარანის) სპილენძ-მოლიბდენის კომბინატის აქციების 60%-ის გადაცემა.
გარიგების შემდეგ კომპანიამ თავის კუთვნილი აქციების 25% სომხეთის მთავრობას გადასცა და თავად ზანგეზურის სპილენძ-მოლიბდენის კომბინატის აქციათა 45%-ის მფლობელი გახდა.
კომბინატის აქციების 12,4% -ს რუსეთის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილ ზურაბოვი ფლობს, 7,5%-ს კი კომბინატის ყოფილი დირექტორი, რუსეთის მოქალაქე მგერ პოლოსკოვი. აქციების 15% კომბინატის საკუთრებაა.
ბოლნისის რაიონის მადნების მოპოვებაზე ლიცენზიის მფლობელი „გეოპრომაინინგის" 98,5% რომან ტროცენკოს ეკუთვნის, 1,5% კი „გეოპრომაინინგის" გენერალურ დირექტორ რომან ხუდოლის.
19989-99 წლებში რუსეთის სათბობ-ენერგეტიკის მინისტრ სერგეი გენერალოვის პარტნიორ სიმან პოვარენკინის მიერ 2001 წელს დაფუძნებული „გეოპრომაინინგის" აქციათა 48,19% რომან ტროცენკომ 2019 წელს შეიძინა „შემნახველი ბანკი კაპიტალი"-სგან (გარიგების ფასი არ გახმაურებულა - „აიპრესი"), დანარჩენი 50,32% კი 2020 წელს 176 მილიონ დოლარად სიმან პოვარენკინისგან.
„გეოპრომაინინგი" ოქროს, ვერცხლის, ანთიმონიუმის, სპილენძის, მოლიბდენის და სხვა მეტალების მოპოვება-გადამუშავებას აწარმოებს რუსეთში, საქართველოში და სომხეთში. სომხეთში მოპოვებული ოქროს და სპილენძის ნაწილი საქართველოში შემოდის და აქედან რეექსპორტით გადის. რომან ტროცენკო 2012 წლიდან „როსნეფტის" პრეზიდენტ იგორ სეჩინის მრჩეველია.




