უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა არ გამორიცხა, რომ მომავალში, შესაძლოა, რუსეთთან ურთიერთობის გადახედვა მოუწიოს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გეოპოლიტიკური რეალიების შეცვლის გამო. წერს Bloomberg.
უნგრეთის პრემიერის სიტყვებით, მოსკოვთან ურთიერთობის შენარჩუნება, განსაკუთრებით ენერგეტიკის კუთხით, ბუდაპეშტის ინტერესია, მაგრამ უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობები, შესაძლოა არ აღდგეს, და უნგრეთი იძულებული იქნება ამას მოერგოს.
„ომის დასრულების შემდეგ რუსეთ-ევროპის ურთიერთობების აღდგენა აუცილებელია, მაგრამ ეს ძალიან არარეალისტურია. აი ამიტომ უნგრეთის საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკა კარგად უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რა ურთიერთობები შეგვიძლია დავამყაროთ რუსეთთან უახლოეს 10-15 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერს არაერთხელ აკრიტიკებდნენ ევროკავშირსა და ნატოში რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების გამო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ასევე ევროკავშირის სანქციების საწინააღმდეგო პოზიციისა და უკრაინაში იარაღის გაგზავნის წინააღმდეგობის გამო.
ამასთან, Bloomberg აღნიშნავს, რომ გაუგებარია ნიშნავს თუ არა უნგრეთის პრემიერის ბოლო განცხადება რუსეთის მიმართ პოლიტიკის ცვლილებას. ანალოგიური განცხადებები მან 2022 წელს არჩევნებში ზედიზედ მეოთხედ გამარჯვების შემდეგაც გააკეთა.