Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთმა აშშ-ს სთხოვა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ნება მიეცეს გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით Boeing-ის თვითმფრინავები შეიძინოს.
როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა არ წარმოადგენს ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობის წინაპირობას, რუსეთმა იცის, რომ გაყინული სახსრების გამოყენება თვითმფრინავების შესაძენად მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა.
მისი თქმით, თუ სამხედრო მოქმედებები შეწყდება, თვითმფრინავების შეძენის შეთანხმება შეიძლება სანქციების შემსუბუქების ნაწილი გახდეს.
რუსეთის მიერ Boeing-ის თვითმფრინავების შესყიდვის სურვილზე კომენტარის თხოვნაზე საპასუხოდ აშშ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ბრაიან ჰიუზმა თქვა, რომ "აშშ არ განიხილავს არანაირ ეკონომიკურ ვალდებულებებს, სანამ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება მიღწეული".
2022 წლის თებერვალში ომის დაწყების შემდეგ Boeing-მა რუსეთში საქმიანობა შეწყვიტა, მათ შორის, დაიხურა საინჟინრო ცენტრი.