Bloomberg-ის ინფორმაციით, რომელიც ოფიციალურ წყაროებს ეყრდნობა, აშშ-მ უკრაინის მიმართ დახმარების დაბრუნების მოთხოვნები "შეამსუბუქა".
მათი თქმით, გასულ კვირას ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციამ იმ დახმარების ოდენობის შეფასებისას, რაც აშშ-მ უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გაუწია, გადაცემული თანხის 300 მილიარდი დოლარიდან დაახლოებით 100 მილიარდ დოლარამდე შეამცირა.
ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს უკრაინასთან გააფორმოს შეთანხმება, რომელიც მომავალი საინვესტიციო პროექტებიდან, მათ შორის, მინერალების მოპოვებასა და ინფრასტრუქტურიდან მიღებული მოგების გაზიარებას ითვალისწინებს.
ვაშინგტონი ამას განიხილავს, როგორც ანაზღაურებას იმ ათეულობით მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღისა და სხვა ტიპის დახმარებისთვის, რაც უკრაინამ ომის დაწყების დღიდან მიიღო წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს აშშ-სგან. კიევი კი, თავის მხრივ, ამ შეთანხმების ფარგლებში უკეთესი პირობების მიღებას ცდილობს.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა აღნიშნა, რომ "მოლაპარაკებები ძალიან ნაყოფიერი იყო და შეთანხმების საბოლოო ეტაპზე გადასვლას მალე ელოდებიან".